ქვიშით თერაპია წარმოადგენს ექსპრესიულ- პროექციულ ფსიქოდიაგნოსტიკურ და ფსიქოთერაპიულ მეთოდს, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს არავერბალური გზით გამოხატოს შინაგანი სამყარო (ტრავმები, კონფლიქტები, ფსიქიკური დინამიკა) ფიგურებისა და ქვიშის ყუთის გამოყენებით

მეთოდი შეიმუშავა დორა კალფმა, რომელიც ეყრდნობოდა კარლ გუსტავ იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიას და მარგარეტ ლოვენფელდის ,,სამყაროს ტექნიკას” იუნგიანური ხედვით ქვიშაში შექმნილი კომპოზიციები ასახავს არაცნობიერის შინაარსებსა და არქეტიპულ სიმბოლოებს.

თერაპიული პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ ქვიშის ყუთში, სადაც პიროვნებას ეძლევა შესაძლებლობა თავისუფლად განათავსოს მინიატურული ფიგურები (ადამიანები, ცხოველები, შენობები, ბუნების ელემენტები და სხვა)

ეს პროცესი ქმნის თავისუფალ და დაცულ - უსაფრთხო სივრცეს, სადაც ფსიქიკა სპონტანურად - დაცვითი მექანიზმების გააქტიურების გარეშე გამოხატავს შიდა რეალობას. თერაპევტის როლია ემპათიური თანდასწრება და სიმბოლური მასალის ფრთხილი ინტერპრეტაცია, კლიენტის სუბიექტური გამოცდილების პატივისცემით.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ქვიშით თერაპია ხელს უწყობს ემოციური რეგულაციის გაუმჯობესებას, შინაგანი რესურსების გააქტიურებას და ახალი ნეირონული კავშირების ფორმირებას, რაც დაკავშირებულია ტვინის პლასტიურობასთან (ნეიროპლასტიურობა). სიმბოლური მოქმედება და სენსორული ჩართულობა (ქვიშის შეხება, სივრცის მოწყობა, სცენების გადათამაშება) აძლიერებს ინტეგრაციულ პროცესებს ფსიქიკაში.

ქვიშით თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია ტრავმული გამოცილებების, შფოთვის, დეპრესიული მდგომარეობების, ფსიქოსომატური სიმპტომებისა და ურთიერთობებში სირთულეების დამუშავებაში. არავერბალური ფორმატი მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ვერბალური გამოხატვა შეზღუდულია ან რთულია.

ქვიშით თერაპიისა და პიროვნული

განვითარების ცენტრის დამფუძნებელი:

ნათია მამრიკიშვილი